ისტორიაში პირველად, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართა, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა გერმანული „აინტრახტი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
ნეაპოლელების შემადგენლობაში დუბლი ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა, ხოლო მესამე გოლი პენალტით პიოტრ ზელინსკიმ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ნეაპოლელების მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პარასკევს გაირკვევა.
„პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. „ნაპოლის“ მოგზაურობა გრძელდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დელაურენტისმა.