საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაცვის ახალ კოდექსს, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრა, სადაც ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით.
„აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
დიპლომატიური კორპუსის, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.
თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.