თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თურქეთი იწყებს ნატო-ში ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. საკითხი თურქეთის პარლამენტში იქნება განხილული”,– განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ფინეთმა შეთანხმებების თავისი ნაწილი შეასრულა, ამიტომ იგი ვერ ხედავს რატიფიცირების საკითხის გადადების მიზეზებს.
ერდოღანის თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.
“ანკარამ სტოკჰოლმს 120 ტერორისტისგან შემდგარი სია გადასცა. ამ დამნაშავეების თურქეთისთვის გადაცემის გარეშე პოზიტიური დამოკიდებულება [ნატოში განაცხადისადმი] შეუძლებელია. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი “წითელი ხაზია” თურქეთისთვის. სტოკჰოლმის განაცხადისადმი ანკარას დამოკიდებულებას შვედური მხარის კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრავენ”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.