თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი, ამ გზას დაადეგით. ახლა განიზრახეთ, რომ ყველა, ვინც გააპროტესტა თქვენი ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, გაანადგუროთ. დაერიეთ სტუდენტებს, ოპონენტებს, მედიასაშუალებებს და ამის დასტურია დღეს, მაგალითად, „ფორმულა“. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ ელოდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო აღმოჩნდება ევროპის კავშირში? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს, იცხოვრონ თავისუფალ და სამართლიან ქვეყნაში, ერთადერთ ამოცანად რჩებათ, რომ „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან.
„თქვენ ამას არ დაუშვებთ, მე კარგად მესმის. მე ილუზია აღარ მაქვს, რომ თქვენ, თქვენი ნებით, შექმნით მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოს არჩევნებისთვის. ეს ილუზია დაიმარხა ფაქტობრივად მაშინ, როცა თქვენ ამ ბარბაროსულ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი და ახლა, იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგოთ, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, ბოდიში მოუხადოთ პარტნიორებს ევროპაში და ბოლოს და ბოლოს ჩვენც, ოპონენტებს, რომლებიც გაფრთხილებენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა, გადახვედით გაასმაგებული ზეწოლაზე“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.