პარლამენტის წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან „ათით ნული წააგო“.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომლებიც საქართველოში მეტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა დაუშვებელია.
„პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის გადასარევად მიდის ყველაფერი. უმრავლესობა და უმრავლესობის უმცირესობა, რომელიც სინამდვილეში უმრავლესობაა, ჯიუტად არ ტოვებს იმ მინდორს, რომელზეც უკვე წააგო ათით ნული ე.წ. რუსულ კანონპროექტის თაობაზე და აგრძელებს ამ კანონპროექტის დაცვას. გააგრძელეთ ბატონებო ასე! გახდება 100-ით ნული. ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომლებიც საქართველოში მეტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა დაუშვებელი და შეუძლებელია. მათ მოტყუებულებს ეძახიან. აბრალებენ, რომ ვიღაცები შეუგზავნეს და ასე აიყოლიეს, რომ გონი და აზრი არ გააჩნიათ.
განაგრძეთ ასე! გვეძახეთ ის ტერმინები, რაც დღეს გამოიყენეთ – ფაშისტები, მოღალატეები და კიდევ უფრო მიხვდება საზოგადოება, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა მოითმინონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.