3-თვიანი წყვეტის შემდეგ, კომპანია „მოლდოვაგაზმა“ რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა.
„მოლდოვაგაზმა“ დეკემბერში განაცხადა, რომ ბუნებრივ აირს 2 წყაროდან შეიძენდა: „გაზპრომისგან“ და Energocom-ისგან. ამასთან, როგორც ქვეყნის მთავრობაში განმარტეს, პირველად დნესტრის მარჯვენა სანაპირო ბუნებრივი აირით „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან მარაგდებოდა, ხოლო რუსეთიდან მიღებული აირის მთლიანი მოცულობის მიწოდება დნესტრისპირეთში დაიწყო.
ამრიგად, მოლდოვამ მთლიანად უარი თქვა რუსული აირის მოხმარებაზე და მიღებული 5,7 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დნესტრისპირეთში გაგზავნა დაიწყო.
როგორც ჩებანმა განმარტა, მარტში თბილი ამინდების გამო, დნესტრისპირეთში ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდა და კიშინიოვმა გადაწყვიტა, ბუნებრივი არის ნაწილი ქვეყანაში გადაამისამართოს.
„ამ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ „გაზპრომისა“ და Energocom-ის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასი პრაქტიკულად იდენტურია, „მოლდოვაგაზი“ 2023 წლის მარტის ბოლომდე საკუთარი მომხმარებლებისთვის „გაზპრომისგან“ ყოველდღიურად 07-0,8 მილიონ კუბურ მეტრ გაზს გამოიყენებს, ხოლო Energocom-ისგან ყოველდღიურად დაახლოებით 1,3-1,5 მილიონ კუბურ მეტრს“, – განაცხადა ჩებანმა.
მოლდოვაში ენერგოკრიზისი, რომელიც 2021 წლიდან გრძელდება, უკრაინაში ომის, საწვავზე ფასის ზრდისა და „გაზპრომთან“ დაძაბული ურთიერთობების გამო კიდევ უფრო გამწვავდა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში, მოლდოვა რუსული გაზისგან დამოუკიდებელი გახდა.