ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ფასი 25 მილიონით გაიზარდა და სარეკორდო ციფრს მიაღწია – „ტრანსფერმარკტი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშეს უკვე 85 მილიონ ევროდ აფასებს.
22 წლის თავდამსხმელი გასული წლიდან ქართველ ფეხბურთელებში რეკორდსმენი იყო, ახლა კი გერმანული სამენეჯერო პორტალის შეფასებით ადგილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიაში დაიმკვიდრა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, შემდეგ ჯერ 35 მილიონი გახდა, 2022 წლის ბოლოს კი ქართველის გრაფაში 60 მილიონი ჩაწერეს, ხოლო მარტის განახლებულ მონაცემებში 85 მილიონია. გასული წლის 5 მაისიდან 2023 წლის 21 მარტამდე მისი შეფასება 70 მილიონით გაიზარდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და საერთო შეფასებით, დიდ როლს თამაშობს, რომ 30 წლის შემდეგ „ნაპოლი“ საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა.