პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქში ისევ არეულობაა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში ნაგვის ურნები დაწვეს.

როგორც Reuters-ი წერს, პროტესტი პარიზში, ამჯერად პარლამენტის გადაწყვეტილებამ გამოიწია, რომელმაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიტანეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენების გზით, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო და საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდა.