8-9 მარტმა საქართველოს მოსახლეობას დაანახა, რომ ხალხს არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის იოტისოდენა პატივისცემა არ აქვს, რომ ხალხი მათ მხარს არ უჭერს და თუ „ოცნება“ არჩევნებში ადმინისტრაციული ხრიკებით იღებს ამომრჩეველთა ხმებს, სიყვარულით არ არის გამოწვეული — ალტერნატივის უქონლობის ნაყოფია.
ხალხი არ გამოვიდა ხელისუფლების დასაცავად. არც საჯარო განცხადებები გაუკეთებია — მსგავსი სურვილის შემცველი. ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის ამბობს, რომ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისა და სანქციების დაწესებისგან თავის შეკავება დადებითი მოვლენაა, მაგრამ არა ის, რასაც „ოცნება“ დაპირდა მას 10 წლის წინათ — რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.
დაპირებები კი ბევრი იყო — ჯერაც შეუსრულებელი. ხალხი ხედავს, რომ გათავხედებული ხელისუფლება ყაჩაღურად აფათურებს მის ჯიბეში ხელს და უკანასკნელ თეთრებსაც აცლის ფართო „იდეალების, წესრიგის, კანონიერების“ აღსასრულებლად.
აღსრულება კი ხალხის ვალდებულებაა და არა ხელისუფლების. ეს უკანასკნელი მბრძანებელია და არა შემსრულებელი. კანონი მბრძანებლისთვის არ იწერება. ის შემსრულებლისთვის მზადდება.
ზემდგომის, ხალხისადმი ცინიკური დამოკიდებულების ათასობით მაგალითს წააწყდებით სახლიდან გამოსვლისთანავე, მითუმეტეს თუ ავტომანქანის საჭესთან ხართ.
ქალაქის მერიის გულმოდგინე შრომის ნაყოფია ავტომანქანის სავალი ნაწილის დავიწროვება და ტროტუარების გაფართოება, სავალ ნაწილში ხელოვნური ბუჩქებისა და ჯუჯა ხეების ჩარგვა, რომლებიც ისეთივე ზედაპირული შინაარსის მატარებელია, როგორც მაკიაჟით გათხუპნული ტანდაუბანელი მეძავი.
იმპორტული ხის და ბუჩქის მთავარი „მომხიბლველობა“ სიძვირე კი არ უნდა იყოს, არამედ ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა, რაც გამოყვანილი ხე-ბუჩქით არ მიიღწევა.
ვიმეორებ — თბილისის ხელოვნური ხე-ბუჩქით კეკლუცი მიუღებელია საზოგადოებისთვის, მით უმეტეს, როდესაც მათი დარგვისთვის ავტომანქანის სავალი ნაწილი ვიწროვდება, რაც იწვევს საცობებს, ავტომანქანების დაბალ სიჩქარეზე მოძრაობას. დაბალი სიჩქარე კი უფრო მეტ გამონაბოლქვს ბადებს — ეკოლოგიისთვის მიუღებელს, მოსახლეობისთვის ფილტვების დამაზიანებელს, მაგრამ ქალაქის მერიას ეს არ ანაღვლებს. მან ძვირადღირებული ხე-ბუჩქი შემოგვტენა — საკუთარი ჯიბის გასქელების მიზნით, თან გეუბნება — ნახეთ, როგორ გაგილამაზეთ ცხოვრებაო.
და ამას ეუბნება მოსახლეობის უმრავლესობას, რომლისთვის მთავარი საზრუნავი ლუკმა-პურის შოვნაა და არა მერიის მიერ ხელოვნურად შექმნილ საცობებში დგომა, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა.
მერიამ, სპეციალურად ისე დახაზა ქუჩები, რომ მძღოლმა შეცდომით გადაკვეთოს. შეცდომა კი ძვირი უჯდება მძღოლს — ჯარიმის სახით.
მართლაც რა ყაჩაღი და მასთან ერთად არაკაცი უნდა იყოს ქალაქის მერი, რომ ვიდეო-თვალი დაამონტაჟოს საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალი გზის იმ მონაკვეთში, სადაც ჭირისუფალი ყვავილებს ყიდულობს საფლავზე მისატანად. წამით შეაჩერებთ ავტომანქანას და 50-ლარიან ჯარიმას მიიღებთ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანზე.
თბილისის მერიის და მერის მავნეობას საზღვარი არ აქვს, რაც არა მარტო ჯარიმებში ისახება, არამედ უამრავ სხვაშიც, მაგრამ ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს. ისიც მიეჩვია თავხედობას, ხალხის ჯიბეში ხელის ფათურს. ასეთ ხელისუფლებას ვინმე დაიცავს?
ხელისუფლების უწესობით დაოსებული ხალხი, მხარს დაუჭერს ხელისუფლებას?
პირველსავე შემთხვევაში იმათ გვერდზე დადგება, ვინც ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოვა. ასე რომ ხელისუფლებავ, გაითვალისწინე ხალხის სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სამარე არ აგცდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი
ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიები სრულად იხ. ვებ-გვერდზე: isari.ge