ხატია დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ დატოვებაზე – ამაზე ნაფიქრი მაქვს

თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით – ამაზე ნაფიქრი მაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მის მიერ იქნება გაჟღერებული.

„მე ჩემს გადაწყვეტილებას მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას გამცნობთ ჩემი მხრიდან, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით. გეტყვით, რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული”, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მას ბოიკოტის საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს და აღნიშნულ თემაზე მძიმე საუბრებიც ჰქონდა.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა ხანდახან ვიმუშაოთ იმ ატმოსფეროში, რომელიც არ მოგვწონს, ამიტომ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და მქონდა, მათ შორის, მძიმე საუბრები და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი“, – განაცხადა დეკანოიძემ.