საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის დამატებას, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირები საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ობიექტებს მიზანმიმართულად, განზრახ აზიანებენ.
“გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, – აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე და ნინო იობაშვილი.