რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია გააცნო. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.
როგორც TASS-ი იტყობინება, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.
„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის – სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით ხედავს, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ.