„მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„ქალბატონი თეონა მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა ხალხს შევახსენო რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ვერ ვახორციელებთ და არა თქვენს მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა.
ინფორმაციისთვის, ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უკვე უწყებებს შორის კოორდინაცია და გაცვლა უწყებებს შორის, გაზიარება.
ამის თაობაზე ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ ვინაიდან რეგიონში არის შეცვლილი ვითარება, უკრაინის ომის შედეგების პროგნოზირება თქვენ კი არა ქალბატონო თეონა და ჩვენ, დღეს დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია. ჩვენი პარტნიორები, ძალიან ბევრი განცხადება არსებობს ამის თაობაზე, დღეს ვერ ამბობენ გადაჭრით, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში. არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინის ომი და დღეს უნდათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ უსაფრთხოების კონცეფცია და გამოვკვეთოთ საფრთხეები. მე არ ვიცი რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს დამატებით ომის დასრულების შემდეგ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხე არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები.
„თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, გამოდიხართ რაღაც განცხადებებით, გინდათ, საზოგადოებას აჩვენოთ, თითქოს რაღაცის საქმის კურსში ხართ. წარმოდგენა არ გაქვთ რეალურად რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. რუსეთი რომ ოკუპანტია ეს ფაქტი სახეზეა. რომ მეკითხებით რაღაცას, აღარც მინდა გავიმეორო თქვენი უაზრო შეკითხვები, მაგრამ მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს. რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც არის ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, ქალბატონო აქუბარდია, რომ გესმოდეთ რაღაც ელემენტარული მაინც. ეს არის შიდა საფრთხეები,“ – აღნიშნა პრემიერმა.