საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში, ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით – ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა ევროკავშირი გაამდიდრონ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია საქართველოს ევროკავშირის გზაზე მხარს დაუჭერს.
„ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. ყოველთვის მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ.
ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე და ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობა არის აუცილებელი. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს საქართველომ.
საქართველოს მთავრობა მხოლოდ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება საქართველოს ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე.
სწორედ ამიტომ არაოფიციალურო დევიზი ევროკავშირისა არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.
ბატონო ილია, ნიუ-იორკში ერთი თვის წინ შეგხვდით და იქ იყო საუბარი ძალიან კონკრეტულ პასუხზე. რუსულ თავდასხმით ომზე უკრაინის წინააღმდეგ, ამის დაგმობის საკითხზე და ის დაძაბულობა, რაც არსებობს, სიგნალი, რომელიც გაიგზავნა მათ შორის თქვენი მხარდაჭერის წყალობით, რომელიც გაგზავნა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ეს იყო ერთიანობის სიგნალი. რუსული აგრესიული ომის დაგმობის მხრივ ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ერთიანობა მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე. გაერო-ს ქარტიაც ზუსტად ამას განსაზღვრავს, განსაზღვრავს მშვიდობიან გზას. ხოლო ამ გზის ფუნდამენტი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. სწორედ ამიტომ, შემთხვევით არ არის, რომ როდესაც გადაადგილდები თბილისის ქუჩებში, ხედავ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – საქართველოს მხარდაჭერა ამ რეზოლუციისა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმითი ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ, არის ძალიან დასაფასებელი და უდიდესი მნიშვნელობის. ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო – 2008 წლის რუსული ინტერვენცია საქართველოში, ორი რეგიონი, რომლებიც დე ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ არის და რუსული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იმყოფებიან. ასევე ათი ათასობით რუსი, რომელიც 2022 წლის ომის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ის, რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხართ უკრაინის მხარეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და საქართველოს ადგილი არის ევროპის კავშირში.
გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ. ჩვენი ხელი ძალიან შორს არის გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. ქართველებმა, მანდილოსნებმა და მამაკაცებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს არის მათი სურვილი. უდიდესი მადლობა, რომ მიმიღე შენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა აქტორთან ერთად“, – განაცხადა ბერბოკმა.