„მე არ მრცხვენია პირდაპირ გითხრათ, რომ თხოვნით მოვედი – ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი“, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თამარ ჩარკვიანის თქმით, ეს იქნება სახელმწიფოებრივი, დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას.
„ბატონო ირაკლი, შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ და მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მემგონი, ამ დარბაზში უკვე მტრად ვექეცით ყველა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს. თქვენ წეღან ახსენეთ, ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენიაო – კი ბატონო. ხომ გითხრეს მათ სტატუსის წინ? შეიძლება არაპოპულარული იყოს საქციელი, რომელსაც მე გთავაზობთ, მაგრამ ძალიან სახელმწიფოებრივი იქნება. მე დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რამის გამო და არ მრცხვენია პირდაპირ გითხრათ, რომ თხოვნით მოვედი – ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უკიდურესად სახელმწიფოებრივი, ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი, რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება… ის რასაც მე გთხოვთ, იქნებ მიხვდეთ, რომ ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.