ეკა ხერხეულიძე – ისტორიული შანსი,  ისე თახსირდება, რომ პოლიტიკა ხდება ამორალური და ამის ყურება უბრალოდ არის გაუსაძლისი

ისტორიული შანსი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, თქვენი მეოხებით, მწვანეზე და მერე წითელზე მიჭერით, ისე თახსირდება, რომ პოლიტიკა ხდება ამორალური და ამის ყურება უბრალოდ არის გაუსაძლისი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, ვერ უნდა ბედავდეს პრემიერი და რუსეთის მაამებლურ ნარატივს ვერ უნდა ამბობდეს.

„მთელი ტრაგიზმი იმ სიტყვაში, რაც მოვისმინეთ, ისაა, რომ ტერმინოლოგია, რომლითაც ეს ადამიანი მეტყველებდა, იყო დაწერილი, ეს არ იყო სტიქიური წამოცდენა. ამაზე ნამსჯელი ჰქონდა, რადგან პატრონი ამას ავალდებულებდა. ვერავინ დასკვნა ვერ გამოიტანა იქიდან, რაც ამ თვის დასაწყისში ქუჩაში ვიხილეთ. ეს არ იყო შემთხვევითი სპონტანური საზოგადოების პროტესტი, რომელსაც შესაძლოა, ის სიტყვები აკადრო, რაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ. მისი არჩევანია, როდესაც საზოგადოების უმრავლესობას ესაუბროს იმ ლექსიკით, რომ მომავალი თაობა შეადაროს სატანებს, გაუგებრობებს და საშიშებს. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდები, რომლებიც გარეთ იყვნენ, ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არ იყო ჩვეულებრივი პროტესტი, ეს იყო საზოგადოებრივი პროტესტი. ვხედავთ, რომ ეს ხმა [ახალგაზრდების] ვერ გაიგო პრემიერმა ღარიბაშვილმა და დღეს აქ მოვიდა და გვესაუბრება, რომ ქვეყანას მესამე მსოფლიო ომს არიდებს. ამაზე დეგრადირებული და კომიკურის აზრის მოსმენა არ შემიძლია. წარმოვიდგინე სცენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება მას, როგორ ეუბნება ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს – ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს აარიდეთ მესამე მსოფლიო ომი და ის ეუბნება – „ჩემო ირაკლი, მარტო შენ გესმის ეს სიდიადე“. ეს ფორმატი ადამიანმა აქ გადმოიტანა. ეს არის ტრაგიზმი. სრულიად აცდენილი ვართ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება.

როდესაც ღარიბაშვილი ბედავს კორუმპირებულად მოიხსენიოს ნიკა გვარამია, დიდი ბოდიში, მაგრამ არავის პროტესტის გრძნობა არ გაქვთ? გასაგებია, რომ ის თქვენი პოლიტიკური ოპონენტია, მაგრამ ნიკა გვარამია და კორუფცია რამდენმა იცით ერთმანეთთან რომ თავსებადია? როგორ ბედავს ღარიბაშვილი საკუთარი განათლების და ინტელექტის პატრონი, ადამიანი, რომლის პოლიტიკაში შემოვიდა ვერტმფრენის სარფიანი ყიდვით ბიძინა ივანიშვილისთვის, ნიკა გვარამიაზე ილაპარაკოს? მაინტერესებს, რა მორალით ხდება ეს. როდესაც ხელს იშვერს და ამბობს, რომ ჩვენ „მეხუთე კოლონა“ ვართ, მაინტერესებს, ჩემი ცხოვრების რა ეტაპზე ვიყავი მისთვის ხარვეზიანი პატრიოტი? რას აკეთებდა ღარიბაშვილი როდისმე იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული ჩვენგანი აკეთებდა ისტორიის განმავლობაში. ჩემთვის არის უმძიმესი, როცა ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინა უკვე დამარცხებულია და ამას ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. ვერ უნდა ბედავდეს პრემიერი და რუსეთის მაამებლურ ნარატივს თქვენი თანდასწრებით ვერ უნდა ამბობდეს. ისტორიული შანსი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, თქვენი მეოხებით, მწვანეზე და მერე წითელზე მიჭერით, ისე თახსირდება, რომ პოლიტიკა ხდება ამორალური და ამის ყურება უბრალოდ არის გაუსაძლისი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.