ვიქტორ ყიფიანი – სად და რომელ საათზე უნდა გამოვცხადდე, რომ შევუდგე პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას?

როდესაც ჩვენ წინაშე უფრო მაღალი პრიორიტეტია, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ჩახვევა და გარჩევა, ვინ იყო მტყუან-მართალი, საზიანო ეფექტის გახანგრძლივება და ქვეყნის იმიჯზე ამ მავნე საკითხის განგრძობად რეჟიმში შენარჩუნებაა. ამას უნდა ჩავეხსნათ – უკან დახევა ამა თუ იმ საკითხში არ შეიძლება აღიქმებოდეს მარცხად, მითუმეტეს კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამა თუ იმ საკამათო საკითხის შემოტანით შედარებით უფრო დიდი სიკეთე არ უნდა ზიანდებოდეს, ტექნოლოგიური თვალსაზრისით კი, ამას უნდა მოჰყვებოდეს უკეთესი ახსნა, რათა ვნებათაღელვა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“.

„საზოგადოებამ წინასწარ იცოდა, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განხილვაზე დადგებოდა. წინააღმდეგობა იმაში ვლინდება, თითქოსდა ხელისუფლებას უნდა ეწინასწარმეტყველებინა, როგორი რეაქცია იქნებოდა ქვეყნის შიგნით და ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროცესი სიღრმეში შევიდა, ვიხილეთ, როგორი რეაგირება იყო ქვეყნის გარედან. ამ ვითარებაში, როდესაც თბილისის ქუჩებში პროცესები მეტად არასასურველად განვითარდა და ამას დაემატა საერთაშორისო წნეხი, კანონპროექტის გაწვევა მოხდა (მე ამას რაციონალური გადაწყვეტილება ვუწოდე). ეს სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობით იყო განპირობებული. სხვადასხვა სიუჟეტის წინააღმდეგობა იმაში აისახება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტმა თავისი რეპუტაციული ზიანი შემდგარ ფაქტად გახადა, მაინც არ წყდება ამ კანონპროექტის ვარგისიანობა-უვარგისობაზე საუბარი. კანონპროექტში სამართლებრივ-ტექნიკური თვალსაზრისით, თითქოს საგანგაშო არაფერი იყო. თუ ამოცანა იყო, გამჭვირვალობის მიღწევა, ეს ამოცანა მიღწევადი იყო სხვაგვარი სამართლებრივი ტექნიკის გამოისობით. საქართველოს კანონმდებლობაში არის არაერთი ნორმატიული აქტი, სადაც გარკვეული ცვლილებებით იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლებოდა და არა იმგვარად, რომ ცალკე კანონპროექტი შესულიყო, მითუმეტეს ქართული მენტალიტეტისთვის ასეთი მჭექარე სახელწოდებით. მაშასადამე, რეაქცია მივიღეთ, მაგრამ დღესაც გრძელდება კამათი, რაც თითქოს განგრძობად რეჟიმში კვებავს იმ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც ერთხელ უკვე ვიწვნიეთ. ჩემი სურვილი იქნება, რომ ეს საუბრები შეწყდეს. ერთია დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა და მეორეა არასასურველობა. რეაქცია, რაც ქვეყნის შიგნიდან და გარედან იყო, პროგნოზირებადს ხდიდა იმ სურათს, რომ ამოცანის მიღწევა კანონპროექტის ინიციატორებისთვის შეუძლებელი იქნებოდა. მეორე საკითხი კი არის არასასურველობა – ქართველი პოლიტიკური ელიტის მხრიდან ამოცანების, პრიორიტეტების დალაგება უნდა ხდებოდეს. როდესაც შემოდიხარ საკამათო კანონპროექტით, შეიძლება სიმართლე შენს მხარეს იყოს, მაგრამ ხშირად სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. როდესაც გაცილებით მეტი პრიორიტეტი გაქვს და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებას ელოდება, ასეთ დროს პროცესის არახელშემწყობი აქცია განახორციელო, რაციონალიზმს აცდენილია. ნებისმიერ შემთხვევაში ვიხილეთ ერთგვარი ტესტი, როგორ შეიძლება გარკვეულ მომენტში იყოს დაშვებული ცდომილება, მაგრამ ამავე დროს, ცდომილება დროულად იქნეს დანახული და გამოსწორებული. პოლიტიკური ძალაუფლება მარტო ძალაუფლებაში ყოფნას არ გულისხმობს, ეს არის ასევე პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. ასეთი შეცდომების გათვლა და სწორი ზღვრის გავლება შეუძლებელსა და არასასურველს შორის, ალბათ, ქართული პოლიტიკური აზროვნების მორიგი დონეა“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მისივე თქმით, განმარტება, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა, არსებულ ვითარებაში ყველაზე ტიპური და დასაშვებია“.

„ახსნა-განმარტება, რომელიც მოვისმინეთ, ყველაზე ტიპური და დასაშვები ახსნა იქნებოდა ამ ვითარებაში. რთულია ამ გარემოებათა გათვალისწინებით უკეთესი ახსნა-განმარტება მიიღო, თუმცა ასევე ვიტყვი, რომ ამ ახსნას თავისი გამართლება აქვს -შეიძლება რეალურად იყო რესურსი, რომ ხელისუფლებას ან კანონპროექტის ავტორებს უკეთესი საინფორმაციო კამპანია ეწარმოებინათ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გარდა ამისა, ყიფიანმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტატუსზე უარის თქმამ შესაძლოა, საქართველოში „გააძლიეროს ის ძალები, რომლებიც იმ ხაზს ავითარებენ, რისი მოწმენიც ვართ“.

„მეორე ჯერზე მოლოდინის გაწბილება უბრალოდ საკითხისადმი ემოციური აღქმა კი არ იქნება, ამან შეიძლება ქვეყნის შიგნით გააძლიეროს ის ძალები, რომლებიც იმ ხაზს ავითარებენ, რისი მოწმენიც ვართ. ეს იქნება მათი შეგულიანება და დაასუსტებს ძალებს, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ მოუწოდებს. ძალიან საღად უნდა შეაფასონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება“, – განაცხადა ყიფიანმა.

მან ისაუბრა ნაბიჯებზეც, რომლებიც ქვეყანაში უნდა გადაიდგას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ქართული მართლმსაჯულების გამართვა მოხდეს. ყოფიანის თქმით, „ჩვენი სურვილები, ამბიციები და განზრახვები სწორია, თუმცა ამ მხრივ გასაკეთებელი ბევრი რჩება“.

„ერთი ყბადაღებული თემაა, რომელიც არ შემიძლია არ აღვნიშნო – ეს არის ერთხელ და საბოლოოდ ქართული მართლმსაჯულების გამართვა. მოვისმინეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა. თითქოს ამ ტალღების რაოდენობაც დრამატურგიას ემსგავსება. ერთხელ და საბოლოოდ ეს საკითხი უნდა დალაგდეს. ჩვენი პრობლემა რეალურად ალბათ ისაა, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო ხელისუფლება რეალურად დამოუკიდებელ ხელისუფლებად იქცეს, რომ სხვა სახელისუფლებო შტოებში არსებული პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ მომავალს, ხანგრძლივობას არ უკავშირებდნენ სასამართლო გადაწყვეტილების მისდამი კეთილგანწყობას“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყიფიანმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალოს, ყიფიანმა აღნიშნულს „არასერიოზული“ უწოდა და განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას „გარკვეული წინაპირობები აქვს“.

„სად და რომელ საათზე უნდა გამოვცხადდე, რომ შევუდგე პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას? ეს არასერიოზულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სერიოზულ თემაზე ვისაუბრეთ, გვაკლდა იუმორის ელემენტი. რა კარგია, რომ პატივცემული მოქალაქე შემოგვეშველა {წამყვანმა ამ საკითხზე მოქალაქის კომენტარი გააჟღერა} და ეთერს იუმორის ელემენტი შევმატეთ.

როგორ უნდა გახდეს ადამიანი პრემიერ-მინისტრი, ამას გარკვეული წინაპირობები აქვს – წინაპირობები, რომელიც პოლიტიკურ პროცესშია ჩაშენებული და რეგლამენტაციას და წესებს ექვემდებარება. დღეს, როგორც მე, ასევე თქვენ ჟურნალისტს ამ რეგლამენტებს და პროტოკოლს აცდენილი ვართ, ამიტომ არც მე, არც თქვენ, დაწინაურება არ მხრივ არ გვემუქრება“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.