აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

მექსიკის გენპროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მექსიკის ეროვნული საიმიგრაციო ინსტიტუტის ცნობით, ხანძრის დროს მიგრანტების მოთავსების ცენტრში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული მამაკაცები იმყოფებოდნენ.

სიუდად-ხუარესში თავს იყრიან მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში მოხვედრას ცდილობენ. ქალაქში მოქმედებს მიგრანტების მოთავსების ცენტრები, რომლებშიც აშშ-ში თავშესაფარის მაძიებლები ამერიკის ხელისუფლების მიერ მათი განაცხადების განხილვას ელოდებიან. სიუდად-ხუარესი აშშ-მექსიკის საზღვარზე, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოდან 3 კილომეტრში მდებარეობს.