ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს რუსული ოცნება, ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ პარტიას, მათ ნორვეგიის ელჩი დაიბარეს და ახსნა-განმარტება გააკეთებინეს.
„ეს ჯილდო მიღებული აქვს მაია სანდუს. ეს ჯილდო მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის განვითარებისთვის გადაეცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრი-ტრი ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა, აშინებდა და მერე ამაზე საუბრობდა თავის ბატონის შვილთან, ეს კაცი საუბრობს სხვა ადამიანის თურმე მკვლელობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, ფარტენაძის მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათია, რომელიც ანგრევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად, რუსულმა ოცნებამ გაიმეტა და ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, სააკაშვილს ახსენებენ.
როცა სააკაშვილი პუტინის ტყვეობაში იმყოფება, მას მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ესტონეთი, მაკრონი. ვინ არის რუსული ოცნების პარტნიორი, ეს არის მარგარიტა სიმონიანი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს, რომ დაიბარეს ნორვეგიის ელჩი, სერიოზული სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან, მას ჰქვია სახალხო დამცველი და ვალდებულია, უზრუნველყოს მისი მანდატი, არათუ წამების მაყურებელი იყოს გარედან, არამედ დაიცვას მისი ინტერესები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.