მამუკა მდინარაძე – ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ტენდენციურია.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტშიც პრეზიდენტის გამოსვლა სავარაუდოდ ტენდენციური იქნება.

„ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება.