„ნატოს ეშინია“, – ასე გამოეხმაურა დასავლეთის რეაქციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების საკითხს.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
„ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსი უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ზეწოლის ქვეშ იმყოფება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური მინსკი აცხადებს, რომ შიდა საქმეებში ჩარევის პარალელურად მეზობელ ქვეყნებში სამხედრო პოტენციალი ძლიერდება.
„ბელარუსი იღებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით“, – აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ხოლო საწყობი მზად ივლისისთვის იქნება.
ნატომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას საშიში და უპასუხისმგებლო უწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.