ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა, – ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
სემეკ-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 39 მეგავატი. მათ შორის, სს “თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 223 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური; ხოლო „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 537 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
თუ პირი ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, მას შეუძლია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას. ეს პირს საშუალებას მისცემს, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოხმარება, დაზოგოს კომუნალური ხარჯები და, მეტიც, მიიღოს სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. ასევე, გამოიმუშაოს სუფთა ენერგია გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.
ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.