აზერბაიჯანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მილი მეჯლისის დეპუტატი ფაზილ მუსტაფა დაჭრეს

აზერბაიჯანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მილი მეჯლისის დეპუტატი ფაზილ მუსტაფა დაჭრეს.

თავდახმა კანონმდებლის სახლთან მოხდა. მუსტაფა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც მისი თანაშემწე აზერბაიჯანულ მედიასთან აცხადებს, ამჟამად ფაზილ მუსტაფას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ჭრილობები ფეხისა და მხარის არეში მიიღო.

გამოძიება თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა მისი სამსახურებრივი ან პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის ან შურისძიების მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.