დასავლეთი საქართველოს პრაგმატული კურსით უკმაყოფილოა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გალუზინის თქმით, თბილისში მარტში გამართული საპროტესტო აქციების უკან დასავლეთი დგას, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის არევას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას, თბილისის მხრიდან უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერის მიღწევას ცდილობს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, ორი ქვეყნის, რომლებიც ერთი ისტორიით და კულტურით არიან გაერთიანებულები, მილიონობით ადამიანის ბედი არის გადაჯაჭვული, სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებს,“ – განაცხადა გალუზინმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და გარედან ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირები ვითარდება, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაგალითი მოიყვანა, რომელიც 2022 წელს 50%-ით გაიზარდა.

მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „ორ სახელმწიფოს შორის არსებული ერთადერთი ავტომაგისტრალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად“ არის „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის“ მაგალითი.

„ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომლებიც განიხილება მრავალმხრივ ფორმატში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს და ის ორი ქვეყნის საერთო ყურადღების ცენტრშია“, – განაცხადა დიპლომატმა.

მიხაილ გალუზინმა, ასევე, კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ბოლოდროინდელმა პროტესტებმა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე.

„მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, აურიოს ვითარება ქვეყანაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად მხარი დაუჭიროს უკრაინას და გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“, – განაცხადა მან.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების სწრაფად აღდგენის. ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი წინააღმდეგი იყო. ევროკავშირმა და აშშ-მა გააფრთხილეს საქართველო რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ.