რომან გვენცაძე: ,,ყაჩაღს ჩემი სისხლი გადავუსხი” – ინტერვიუ, რომელიც დეტექტივივით იკითხება

,,სარკის” არქივი

წლების წინ ,,სარკეში” დაიბეჭდა ყოფილი შს მინისტრის, რომან გვენცაძის, ინტერვიუ, რომელიც დეტექტივივით იკითხება.

25 წელიწადი შს ორგანოებში მუშაობდა, თითქმის ყველა საფეხური გაიარა და ბევრი ფათერაკი გადაიტანა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს, სადაც ჩვენი ქვეყნის ბნელი წარსულიდან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ პოლიციელისგან, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა.

რომან გვენცაძე: ეჭვმიტანილის აყვანის ოპერაციის დაგეგმვამდე ყველაფერი დეტალურად გათვლილი იყო. მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა ყოფილიყო. ამ დროს მკვლელობა ან დაჭრა თუ მოხდებოდა, პროკურატურა დაგიბარებდა და, თუ თავს ვერ გაიმართლებდი, დაისჯებოდი. ეს პროცესი უფრო გათვლილი, მოზომილი უნდა იყოს. ძალოვანი ვალდებულია, ეჭვმიტანილი ცოცხლად აიყვანოს, ამისთვის თავი უნდა გაწირო.

ჩემი თხოვნა იქნება, ეჭვმიტანილი ხელში ცოცხლად ჩაიგდონ. ვერ დავიჯერებ, რომ მინისტრი ლიკვიდაციას უკვეთავდეს, ასეთ წვრილ საქმეებში მინისტრი არც ერეოდა.

– მაგრამ მოგვისმენია არა მარტო მინისტრის, პრეზიდენტის მოწოდებაც, ადგილზე მოხდეს დამნაშავეების ლიკვიდაციაო.

– ლიკვიდაცია მაშინაც იყო, მაგრამ იშვიათად. სამეგრელოში მოგვიკლეს და დაგვიწვეს თანამშრომლები. მაშინ ქუთაისში განცხადება გავაკეთე, ჩვენ მათზე შურს ვიძიებთ-მეთქი. მინისტრს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს, მაგრამ ადამიანი ხარ და, როცა ამდენ ადამიანს მოგიკლავენ, შენც შეიძლება თქვა რაღაც.

უმიზეზოდ ლიკვიდაციის უფლება არავის აქვს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა შემსრულებელი სათანადოდ მომზადებული არ არის და დამნაშავე სროლას დაასწრებს. ჩემთვისაც ბევრჯერ უსვრიათ, მაგრამ თუ ის ისროდა, ყოველთვის ვაცლიდი.

ამირან რობაქიძის (ბუტა) საქმეზე გადმოსცეს, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწიაო და ავტომატი ხელში დააჭერინეს. გაირკვა, რომ იმ ბავშვებს იარაღი არ ჰქონიათ და არაფრის გულისთვის მოკლეს. თუ დამნაშავე ქვით მოდის და შენ იარაღს ესვრი, ეს კანონის გადამეტებაა. ეს გამორიცხული უნდა იყოს.

ოპერატიულმა მუშაკმა ტყუილად არ უნდა მოკლა ადამიანი, რადგან მან შეიძლება ბევრი საიდუმლოება ამოხსნას. თუ მოკლავ, საქმეები განზე დაგრჩება. ვინც უნდა იყოს ის, თუნდ ცხრა კაცის მკვლელი, ცოცხლად უნდა აიყვანო. ადამიანი ღმერთმა გააჩინა და არავის აქვს უფლება, სიცოცხლე წაართვას. ბევრჯერ მომისმენია, ის მკვლელიაო, ამიტომ შენ, სახელმწიფომ, შური უნდა იძიო?! მუდმივი პატიმრობა სიკვდილზე დიდი ტანჯვაა.

– თქვენი პოლიციური წარსულიდან ალბათ უამრავი ,,მძაფრი სიუჟეტის” გახსენება შეიძლება. რომელს გამოარჩევდით?

– ერთხელ ყაჩაღური თავდასხმა ,,ინტურისტის” დირექტორ ჩიბურდანიძეზე მოხდა. ის სააბაზანოში ჩაკეტეს და შემოაკვდათ. ბინიდან სხვადასხვა ნივთი წაიღეს. მაშინ რიგითი თანამშრომელი ვიყავი და ამ დანაშაულზე მუშაობა დამავალეს. კვალიც იყო – როცა მანქანაში ნაძარცვ ნივთებს აწყობდნენ, მეზობელმა დაინახა და ერთის აღნაგობა აღწერა.

საბოლოოდ დამნაშავეებს მივადექით, ასაყვანი დაგვრჩა ერთი პირი, ქურდული ტრადიციების მიმდევარი. კვალმა პიატიგორსკში ჩაგვიყვანა, მოპარული ნივთები იქ იყო გაყიდული. ქურდი იმ სახლში უნდა მისულიყო, სადაც ნივთები ჰქონდა მიტანილი. ჩავუსაფრდით გარეთ, მის მოსვლას ველოდებოდით. როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა და სახლში არ შევიდა, გაიქცა. გამოვეკიდეთ. სიმართლე გითხრათ, ბედიც სწყალობდა და ინტუიციაც.

ორმხრივი სროლები ატყდა, მას არ უნდოდა ცოცხლად ჩაბარება და ბოლო ტყვია თვითონ დაიხალა. დაჭრილი ხელში ავიყვანე და თითქმის ერთი კილომეტრი ვატარე, შემდეგ საავადმყოფოში მივიყვანეთ, სისხლისგან იცლებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გადავუსხი.

მაშინ ჩემმა უფროსმა მკითხა, რატომ არ მოკალიო. პატარა ბიჭი ვიყავი და ასე ვუპასუხე, ისეთი ლამაზი ბიჭი იყო, შემეცოდა და ვერ მოვკალი-მეთქი. არადა თავისუფლად შემეძლო, მომეკლა. მან მარტო ის დანაშაული აღიარა, მაგრამ ამ გზით წრე ბოლომდე შეიკრა და დანაშაული ბოლომდე გაიხსნა. 15 წელი მიუსაჯეს.

– მასთან შემდეგ ურთიერთობა თუ გქონდათ? როგორ მიიღო კანონიერმა ქურდმა, როცა გაიგო, რომ მილიციელის სისხლი ჰქონდა გადასხმული?

– იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა პოლუსზე ვიყავით, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაც შეეხება სისხლის გადასხმას, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მომაკვდავი კაცი იყო. არ დავმალავ, ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგად ვიყავით განწყობილი. შემდეგ ზოგიერთებმა ქურდების ნათლიმამაც კი მიწოდეს.

ოპერატიული მუშაკი როცა დილემის წინაშე დგახარ და ორივე მხარე იარაღმომარჯვებულია, უნდა ეცადო, გადაარჩინო, თუნდაც შენი პირადი მტერი იყოს. ეს ცოდვები გროვდება და შემდეგ შემსრულებელს, ანუ პოლიციელს, ცუდად შემოუბრუნდება. როცა ასე წარამარა საუბრობენ ჩაცხრილვაზე, ეს ფაქტი უნდა გახსენებოდათ, ეს უნდა ვაქციოთ მაგალითად.

ქუთაისში ასეთი შემთხვევა იყო: მძევლად აიყვანეს ხალხი. სამართალდამცავებმა ჩახოცეს მძევლებიც და დაზარალებულიც. ჯობია, ამ დროს დამნაშავე გაუშვა, ხომ იცი მისი ვინაობა, სხვა დროს დაიჭირე. რატომ აგდებ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში?

ჩვენს დროს სპეცრაზმი არ არსებობდა. მაშინ მინისტრის მოადგილე სანდრო კავსაძე იყო, უწესიერესი კაცი (ამჟამად ბერი ილია. რედ.). ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, მისგან ბევრჯერ მიმიღია რჩევები. ყოველთვის იყო დასჯის, ცემა-წამების მოწინააღმდეგე. ერთხელ დამნაშავე პოლიციაში რომ მოიყვანეს, დახეული შარვალი ეცვა, ბატონ სანდროს შეეცოდა და თავისი ჯინსის შარვალი აჩუქა.

აფრასიძეებზე განხორციელებული სპეცოპერაცია ჩემთვის შემზარავი იყო. რა საჭირო იყო 120 კაცი და 12 ვერტმფრენი?! ამდენმა ხალხმა შეიძლება ერთმანეთი დახოცოს. გული მეტკინა, გია ბარამიძის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას რომ ვუყურე. ასეთ ღონისძიებებს სათანადო გათვლა სჭირდება, არ შეიძლება, შემთხვევითმა კაცმა ჩაატაროს ოპერაცია.

– კანონიერ ქურდებთან რა შეხება გქონდათ, მათთან ურთიერთობას როგორ აგვარებდით?

– მათ ქურდული ტრადიციის მატარებლებს ვეძახი. დაუნდობლად ვებრძოდი. ქურდი არ იყო, მე რომ არ შევხვედროდი. ვეტყოდი, დანაშაული არ ჩაიდინო, არ მოწამლო ახალგაზრდობა, თუ არა და, უნდა წახვიდე საქართველოდან-მეთქი.

რა თქმა უნდა, არ მქონდა იმის უფლება, მათთვის საქართველოში ყოფნა ამეკრძალა. საბჭოთა პერიოდი იყო და აქ ჩაიდენდა დანაშაულს თუ რუსეთში, ერთნაირად საზრუნავი იქნებოდა მილიციელისთვის. ბევრი ქურდი დამიჭერია, მაგრამ მათი ღირსება არასდროს შემილახავს. ის პატიმარი იყო და მე – მილიციელი, ამ დისტანციას ვიცავდი. ასანთიც კი არ მიმიღია დამნაშავისგან საჩუქრად. როცა მასთან სუფთა ხარ, მის თვალში უფრო დიდი ავტორიტეტი ხარ.

საქართველოში იყო წლები, როცა ქურდი დაკრძალვაზე ან სხვა რამეზე რომ ჩამოდიოდა, მილიციას ათასობით დოლარს უხდიდა და განუსაზღვრავდნენ თვეებს, რამდენი ხანი შეეძლო თავისუფლად ყოფილიყო. ეს ჩემს დროს დაუშვებელი იყო და მე უფრო დიდ პატივს მცემდნენ.

ქურდს თუ ადამიანურად მოეპყარი, შენ მიმართ ყოველთვის ვალშია და სიმპათიით არის განწყობილი. როცა დაიჭერ, ადამიანად უნდა ჩათვალო, ოჯახთან შეხვედრას, ტელეფონზე ლაპარაკს ვუშვებდით. ოთხ კედელში კაცი უძლურია და ამით არ უნდა ისარგებლო. ამიტომაც ზოგიერთისგან დიდ ინფორმაციას ვიღებდი, ზოგიერთისგან ვერ ვიღებდი, მაგრამ საქართველოში დანაშაულს არ ჩადიოდნენ. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი არ არის.

ქურდი ციხიდან როცა გამოვიდოდა, იცოდა, მას ისევ რომ დავიჭერდით, ამიტომ ვიღაცას გამონახავდა და მოვიდოდა. დიდხანს ვესაუბრებოდი, განცვიფრებულები მიდიოდნენ, ბევრჯერ უთქვამთ, მილიციაში ასეთი ხალხი თუ იყო, არ ვიცოდითო. ბუნებრივია, დანაშაულს თუ ჩაიდენდა, თავზე ხელს არ გადავუსვამდი. ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო.

– თქვენს საქმიანობაში ფათერაკებთან ერთად კურიოზებიც ალბათ ხშირი იყო.

– ერთხელ მანქანა გაიტაცეს, ავტოინსპექცია გამოეკიდა. დამნაშავეები გაიქცნენ, მანქანა მიატოვეს და ნაკვალევი დარჩა. მაშინ გივი კვანტალიანი იყო სამმართველოს უფროსი. ღამით ცხვარიჭამიის ტყეში დავიწყეთ ძებნა, კინოლოგიის სამსახური გვეხმარებოდა. სანამ ნაბიჯები თოვლზე იყო, ძაღლმა იმუშავა, ხევში კი კვალი გაქრა. იმდენი ვიარეთ, საშინლად დავიღალეთ. უკან გერმანული ნაგაზი მილიციელებს რიგრიგობით ხელით მოგვყავდა. მერე ჯოხები მოვტეხეთ, ციგა გავაკეთეთ და ძაღლი ისე წამოვიყვანეთ.

– როგორც ვიცი, დაჭრილიც არაერთხელ იყავით.

– ხუთი ტყვია მომხვდა. ერთხელ, სტუდენტობის დროს, უნივერსიტეტის ბაღში დიდი ჩხუბი იყო – 200 კაცი შევხვდით 200-ს. დღესაც არ ვიცი, რა საქმე ირჩეოდა. მაშინ ახალგაზრდებში იარაღი იშვიათი იყო, მაგრამ ვიღაცამ ისროლა და ტყვია ბეჭში მომხვდა. საბარგულიდან ვიღაცამ ბრტყელტუჩა ამოიღო და ტყვია იმით ამომიღეს.

მეორედ ღონისძიებაზე ვიყავით და იარაღი გამოვცადეთ, რკინის დეტალს ვესროლე, რიკოშეტით ტყვია უკან დაბრუნდა და ფეხში მომხვდა. ჩემი ხელით ამოვიღე ტყვია, იმდენად ცხელი იყო, შუშხუნი გაუდიოდა. ერთხელაც გამივარდა და მაშინაც ფეხში მომხვდა. ბოლოს, თბილისის ომის დროს, 1991 წელს, ავტომატის ორი ტყვია მომხვდა. ასე რომ, ერთხელ – ხულიგნობით, ორჯერ – დაუდევრობით და ერთხელ – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დავიჭერი. მაშინ მინისტრის მოადგილე ვიყავი, ყავარჯნებით დავდიოდი, ორგანოდან წასვლას ვაპირებდი.

ნამდვილად არ მიფიქრია მინისტრობაზე, დროებით მთავრობაში მინისტრად მოვხვდი, ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვა. რთული პერიოდი იყო, დასავლეთი საქართველო დაუმორჩილებლობას აცხადებდა, ომის პირობებში ვიყავით. ძალიან რთული იყო ჩემი მინისტრობის პერიოდი.

ფეხზე რომ დადგა პოლიცია, მაშინ წამოვედი. პოლიციის აკადემიის რექტორად გადამიყვანა შევარდნაძემ. სიმართლე გითხრათ, ეს მაწყობდა კიდეც, რადგან თანამდებობებზე შემთხვევითი ხალხი იყო დანიშნული და მათთან მუშაობა არ მინდოდა. წყნარად, ჩუმად წამოვედი. არც დღეს მინდა ამ საკითხებზე საუბარი, არ მინდა, წაქცეულზე ცუდი ვთქვა.

– თუ არის ისეთი დანაშაული, რომელიც ბოლომდე ვერ გახსენით და დღეს სინანული არ გასვენებთ?

– ძალიან განვიცდი მარიამ გოგინაშვილის საქმეს. ის ჩემი ნათლული იყო. დღეს მამამისს ვერც ვურეკავ. სულ იმაზე ვფიქრობ, იმ დროს პოლიციაში რატომ არ ვმუშაობდი…

ჩემი მუშაობის პერიოდში ორი მკვლელობა გაუხსნელი დამრჩა და იმ საქმეებზეც გული მტკივა. თემქაზე 12 წლის გოგონა ხევში მოკლული ვიპოვეთ, სულ თაგვებისგან იყო შეჭმული. დიდუბეში, სადარბაზოში, გვამი ვნახეთ, თავიდან ტვინი სულ გამოდენილი ჰქონდა. იმიტაცია იყო, თითქოს ზემოდან გადმოხტა, მაგრამ ეს გვამი მოტანილი იყო.

– ყოფილ პატიმრებს ხვდებით?

– ბევრჯერ და, თქვენ წარმოიდგინეთ, მადლობას მეუბნებიან. ზოგი მახსოვს, ზოგი – არა.