თოვლი, წყალმოვარდნები და ძლიერი ქარი – 30 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოში ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, თოვლი, წყალმოვარდნები და ძლიერი ქარი-გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია ბარში ტემპერატურა

0 გრადუსს ჩამოცდეს, ხოლო მთაში, ძლიერი ნალექი თოვლის სახით მოვიდეს, რამაც შესაძლოა წყალდიდობები, ზვავი და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. სინოპტიკოსები მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებაც აძლევენ გაფრთხილებას, რამაც შესაძლოა, ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვიოს.
“30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება.
30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.