საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გამართა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, დაგეგმილი სიახლეები და სამომავლო გეგმები განიხილა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს განათლების სისტემის მხარდაჭერისა და ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტისთვის.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად მიუწვდებოდეთ ხელი ევროპული ხარისხის განათლებაზე საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, Erasmus-ის პროგრამის გაფართოებას განათლების ყველა საფეხურზე, რათა პროგრამამ სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებიც მოიცვას და Horizon Europe-ის მნიშვნელობას. ორივე მხარემ ერთმანეთთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.