ირაკლი კობახიძე – ბოლშევიკური ტრიოკა, ანუ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა არის აგენტების ერთობლიობა

არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული პირის შესახებ, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და სადაც არის ჩადენილი დანაშაული, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ.

„არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინ დაკავებული პირი დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტრიოკა არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.