ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მორიგი ინტერვენცია განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ კვირას ლაჩინის დერეფნის გარშემო ვითარება გამოიყურებოდა შემდეგნაირად – აზერბაიჯანმა არამხოლოდ განაგრძო გზის უკანონო ბლოკირება, არამედ განახორციელა მორიგი ინტერვენცია მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეჭრის ფაქტი ასევე დაფიქსირებულია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ.

„ამგვარად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აზერბაიჯანი არამხოლოდ არ ასრულებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას მთიან ყარაბაღში და ამავე დროს დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია შიდა სატრანსპორტო გადაადგილების ბლოკირებისკენ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ ახალი სიმაღლეების დაკავებით, ბაქოს სამიზნეში აღმოჩნდა გრუნტიანი გზა, რომელიც სტეპანაკერტს შუშის რაიონის რამდენიმე სოფელთან აკავშირებს. ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად სომხეთის ძალების პოზიციების განთავსება არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში, რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში, შუშის რაიონში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა. მანამდე, 25 მარტს რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ გადაკვეთა შეხების ხაზი შუშის რაიონში და ხიდის მოწყობა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ერევანი ბაქოს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის – ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში სდებს ბრალს. ლაჩინის გზა დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აქტივისტები გამოხატავენ ლეგიტიმურ პროტესტს წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ. თებერვალში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა დაავალა.