სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ეგრისი 2023“ მიმდინარეობს. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური გაეცნენ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, თავდაცვითი ოპერაციების მართვის პროცესში ბრიგადის შტაბებს შორის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის (hC2) სისტემის გამოყენებით ხორციელდება.
„ეგრისი 2023“ სამ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, მეორე – მაფორმულირებელ ოპერაციებს, ხოლო მესამე ფაზა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების დროს ბრიგადის შტაბის ოპერაციების დახვეწა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ეგრისი 2023„ მონაწილეები დეცენტრალიზებული მართვისათვის საჭირო სისტემებისა და პროცედურების დახვეწაზეც იმუშავებენ. სწავლების ფარგლებში გათვალისწინებულია სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ოპერაციების ინტეგრირებაც.