ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არის არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება არა დაშინება ან შანტაჟია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისა და ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებში და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.