სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა, ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია.
„32 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და ამით განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს ბედი და ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენი ხალხის ურყევი ნება – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ფუნდამენტია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ეს გამარჯვება ჩვენი გმირი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგია, თუმცა გამორჩეულად დიდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წვლილი, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს დიდი მონაპოვარი და გავხადოთ საქართველო ისეთი ძლიერი და წარმატებული, როგორზეც ოცნებობდნენ 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეები“, – წერს კახა კალაძე.