საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხის მხარეს დადგება თუ მთავრობის მხარეს, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კარგი და ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„მივიღებთ ასევე იმ კრიტიკასაც, რაც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე. ის პრობლემები, რომელზეც დღეს ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა – ანტიდასავლური კამპანია, ომის თემატიკა და ასე შემდეგ, შემთხვევითი არ არის, რადგან გარდა იმისა, რა წარმატებებიც თქვენ ახსენეთ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი წინა ხელისუფლების დამსახურებებიც იყო, ეს ეხება როგორც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდს, ასევე ყველა ჩვენგანს, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მონაპოვარი იყო. ამასთანავე, არსებობდა კიდევ პარალელური განვითარება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ვერტიკალში, რომელმაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა. საუბარია იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებების მცდელობა და ამ გეგმის განხორციელება მთელი ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გეგმის ნაწილი იყო ქვეყნის უახლოესი ისტორიის გაყალბება და ისტორიის ნაწილის წაშლა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებზე, საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის ხელისუფლებას კი არა, ამიტომ, პრეზიდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ რომელ მხარეს დადგება იგი.
„დღეს შეიქმნა სამწუხარო რეალობა ქვეყნისთვის, როცა ჩვენი ქვეყნის პარტნიორები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსს და მთავრობა – არა. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს – ხალხის მხარეს დადგება თუ მთავრობის მხარეს. საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ ხელისუფლების, ქვეყნის სათავეში მყოფი პირების პოლიტიკურ ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. საზოგადოებამ, ხალხმა გააცნობიერა საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ პროცესში და ეს გამართულ აქციების დროს დადასტურდა. შესაბამისად, ქალბატონო პრეზიდენტო, აქაც უნდა გააკეთოთ არჩევანი – ხალხის გვერდზე დადგებით, თუ მთავრობის გვერდით“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.