აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 მარტს, საქართველოში ადამიანის უფლებების 2022 წლის მდგომარეობის შესახებ სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე. ამ კონტექსტში ამერიკული მხარე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელსა და დირექტორ – ნიკა გვარამიას მოიხსენიებს. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის ფინანსური ზარალის მიყენების გამო, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გვარამიას საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. მათივე თქმით, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
“ნიკა გვარამიას პატიმრობა აღიქმება, როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის, რომ შეწყვიტონ მთავრობის საქმიანობის კრიტიკული გაშუქება, შეწყვიტონ სადამკვირვებლო საქმიანობა და თავი შეიკავონ ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების გამჟღავნებისგან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ყოფილი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიერ ცალმხრივად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თეთრი სახლი ასკვნის, რომ სააკაშვილს საქართველოში სასტიკად, დამამცირებლად და არაადამიანურად ეპყრობიან. ამერიკული მხარის შეფასებით, სააკაშვილს, რომელიც პატიმრობის პერიოდს არა ციხის საკანში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გადის, თურმე სასტიკად აწამებენ.
სააკაშვილი ამერიკულ დოკუმენტში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, თუმცა ირიბად. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად საქართველოში ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეს კი, ამერიკა მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
თეთრი სახლი უკმაყოფილოა საქართველოში ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო, 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დაუსჯელობით, რაც დასკვნაში “მთავრობის მარცხად” არის შეფასებული. აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ ულტრამემარჯვენედ და ულტრაკონსერვატიულად მონათლული ჯგუფების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით გამართულ კონტრაქციაზე გამოვლენილი “ძალადობისთვის” (ჟურნალისტებისა და ოპერატორების “ცემა”) დაკავებულ 7 პირს სასჯელის სახით პატიმრობა განესაზღვრა.
ამ ფონზე, ამერიკულ დოკუმენტში სერიოზულ პრობლემადაა მოხსენიებული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია, აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ 5 ივლისის აქციის გამო, დაკავებულები არ არიან თავად აქციის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, ჩაიდინეს მათ დანაშაული თუ არა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თეთრი სახლის შეფასებით, დანაშაულია გეი-აღლუმის ჩასაშლელად ორგანიზებული აქცია, რისთვისაც ციხეში აქციის ორგანიზატორების ხილვა სურთ და არა ის, თუ ვინ სცემა ჟურნალისტებს.
სკანდალური და მიკერძოებული ანგარიშის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. უფრო მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მან უინტერესო უწოდა, რადგან “ანგარიში მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების” მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აშშ-ს ხელისუფლების მიერ ნახსენები ფაქტები არა თუ არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ, მათი ანგარიში პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობა.
“10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც სამწუხაროა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხის პასუხი არ დაუგვიანეს. უფრო მეტიც, ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამიჯნეს საქართველოს მოსახლეობისგან.
“ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს აუცილებელი რეფორმები, რათა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ეს გააკეთოს გამჭვირვალედ, ისე, რომ მოიცავდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Dalma News-თან საუბარში აცხადებს, რომ ზედაპირულად შეფასება იქნებოდა იმის თქმა, თითქოს თეთრი სახლი მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და არ ეცნობა ალტერნატიულ მოსაზრებებს. მისივე თქმით, საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არის პოლიტიკური ორგანიზაცია, აშშ-ს აქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ. ასეთი დასკვნის საფუძველს კი, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ხედავს.
ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ერთი შეხედვით, მათ უნდათ, საქართველოს სასამართლო სისტემა დაუახლოონ დასავლურ სტანდარტებს, მეორე მხრივ ვხედავ აშკარა მცდელობებს, სასამართლო სისტემაში შეიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ენდობიან.
“სასამართლო სისტემაში შენი ხალხი თუ გყავს, ამ სისტემაზე თითქმის კონტროლი გაქვს აღებული. ყველაფერი კეთდება კეთილშობილი შეფუთვით. სხვა კუთხით შევხედოთ – სასამართლო სისტემა ჩვენთან უმჯობესდება თუ უარესდება? ამისთვის არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მაქვს ნანახი სოციოლოგიური გამოკითხვები, სადაც სასამართლო სისტემის მიმართა, წარსულთან შედარებით ნდობა არის გაზრდილი”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, NDI-ა და IRI-ს კვლევებშიც კი, სასამართლო სისტემა პრიორიტეტებში არის ბოლო ადგილზე. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები არ არის იმდენად პრიორიტეტული, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები და ორგანიზაციები წარმოაჩენენ.
“ამით იმას არ ვამბობ, რომ სასამართლო სისტემაში არ არის პრობლემები. არის იქ გარკვეული კლანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გავლენები გააძლიერონ. აშშ-ს პოლიტიკური ინტერესი ქართული სასამართლოს მიმართ, თუ ასეთი არსებობს, არ მგონია ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი იბარებს მოსამართლეს და განსჯიან სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს, ეს ცდება ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს”, – აცხადებს ანჯაფარიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ლევან ალაფიშვილს. მისი შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რაც რეალურად ხდება ფაქტებზე დაყრდნობით არის წარმოდგენილი ანგარიშში. მისივე თქმით, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ აშშ არ მიჯნავს, ამას უკვე ევროპული სახელმწიფოების პირველი პირები და პოლიტიკოსები აკეთებენ, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენების შემდგომ.
Dalma News-ის კითხვაზე, არის თუ არა გვარამია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, როგორც ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშია აღწერილი, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს აქვს დადგენილი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, პოლიტიკურად დევნილის ან პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისაღებად. ამის კვალიფიკაცია კონკრეტულმა ინსტიტუტებმა უნდა მოახდინონ. გვარამიასა და სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი იდენტიფიკაცია არ მომხდარა, შესაბამისად, როგორც ექსპერტი აცხადებს, – “ყველა შეფასება არის საკუთარი და არა ფართოდ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაკეთებული”.
ალაფიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს შეფასება ეყრდნობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ეს შეფასება არის ქართულ-ამერიკული.
მოსახლეობის გამიჯვნა ხელისუფლებისგან არის თუ არა იმის წინა პირობა, რომ ამერიკას სურს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება?
როგორც ლევან ალაფიშვილმა Dalma News-ის ჟურნალისტს განუცხადა, საკითხის ასე დასმა არის ყველაზე ცუდი კითხვა. მისივე თქმით, ვერავინ გაიხსენებს, რომ საქართველოს რომელიმე პარტნიორი ღიად გამოთქვამდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების სურვილს. საქართველოს მეგობრები პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მოსახლეობის ნება-სურვილს და ისე მოქმედებენ.
“იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, აღვივებს ურაპატრიოტულ განწყობებს, რასაც საფუძველი არ აქვს”, – მიაჩნია ალაფიშვილს.
თუ გავიხსენებთ წინა წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებს, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უსამართლობის განცდით ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებზე გამოდიოდა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი ძალის გადაყენებას ლამობდა, აშშ-ს ანგარიშები არ ყოფილა ასეთი რადიკალური. სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება, თეთრი სახლის ანგარიშებში გამოთქმული შეფასებები, სულ უფრო მეტად იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არადამაჯერებლად გამოიყურება. იმის განცდა, რომ შენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოეთიდან პირდაპირ ერევიან, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს. ეს ადამიანებს უჩენს ცუდ ასოციაციას ყოფილ საბჭოთა პერიოდთან და ევროსკეპტიკურ განწყობებს ზრდის.
გიორგი ქართველი
DalmaNews