ადამიანი, რომელიც სხვა ცოცხალ ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის და ეს არ არის გამოწვეული უკიდურესი თავდაცვით, ეს ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ციხეში იჯდება თუ არა, ეს სხვა თემაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე კომენტარისას განაცხადა.
„შეიძლება, ვარკვევდეთ იმას, ვაპატიოთ თუ არა და ციხისთვის არ გავწიროთ ახალგაზრდა, მაგრამ მოვუწონოთ და ვთქვათ ის, რომ მიტინგზე პოლიციელების მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლა მოსულა, არასწორია. მაშინ, ვერავის ვეტყვი, ჩემს მიტინგზე მოვიდეს, რადგან მოლოტოვის სასროლად არავის ვეპატიჟები. შესაბამისად, ჩემი მხარდაჭერა, რომ ვიღაც დაუყონებლივ გამოუშვან, არ მინდა, ისე იყოს გაგებული, თითქოს, „ვაპრავებდე“ მოლოტოვის კოქტეილის სროლას. შეიძლება, ამ ადამიანისთვის პატიებას ვითხოვდეთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პატიებით და არა წახალისებით“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.