ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩს“ კეზერაშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს.
„დავით კეზერაშვილს არ ვიცნობ და ალბათ გამიჭირდება, დეტალურად ვთქვა, მის თავში რა დევს და რა მიზნები აქვს, მაგრამ მგონია, ნარატივი, რომ ქართული ოპოზიცია არის ის ხალხი, რომელიც ერთიანდება კეზერაშვილისა და მერაბიშვილის, „ნაცების“ გარეშე, ყველაზე საჭირო და მწყობრია „ქოცებისთვის“. ქართული ოპოზიციის მიმართ ასეთი დახმარებით, კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას. მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ. მართლა თუ „ქოცებს“ ებრძვი, ის არ უნდა დაუშვა, რომ ყველაზე დისკრედიტირებული აღმოჩნდე ოპოზიციის მხარეს და დისკრედიტირების მიზეზი იყო. ჩემი აზრით, „ქოცების“ დამარცხების პროცესს აზიანებს, ხელს უშლის არსებული ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც დგას კეზერაშვილის ფულზე და „ნაცების“ შიგნით – ვანოს რეპუტაციაზე.
თუ რაიმე ინარჩუნებს ხელისუფლებას, „ნაცების“ მტრის ხატია – სააკაშვილი რომ ციხეშია, ეს ხატი სათანადოდ მაინც არ გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მისი გაძლიერება ისეთი ფიგურებით, როგორებიც მერაბიშვილ-კეზერაშვილი არიან და ამაში ხელი არ უნდა შეუწყონ „ქოცებს“. ჩვენ მასთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ვინმე ფულს თუ გაძლევს, ამ ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო.
დავით კეზერაშვილზე დამატებითი კითხვებით თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართეთ, კარგად იცნობს. რაც შეეხება „ფორმულას“, ხელისუფლება ცდილობს, საფრთხეები ხელოვნურად გამოიგონოს და ებრძოლოს, „ფორმულაც“ ასეთი საფრთხეა. არ შეიძლება, „ფორმულა“ რაიმე საფრთხე იყოს იმ რესურსებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და რა რეიტინგიც „ფორმულას“ აქვს. „ფორმულა“ და „მთავარი“ „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მეტი დამხმარე არიან ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რადგან მაყურებელს სთავაზობენ არასწორ ნარატივებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ერთმანეთში ურევენ მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს. საბოლოო ჯამში, „ქოცურ“ თამაშს ყველაზე მეტად თამაშობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.