ირაკლი ზარქუა – აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს

ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, უფლება არავის გვაქვს, მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკოთ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ – ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, პრეზიდენტიც და ყველა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე კომენტარისას აღნიშნა.

„ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? – იქ კანონია უზენაესი და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიღებული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.