პაატა მანჯგალაძე – როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან, მას უკვე უფლება არ აქვს ხალხს მოსთხოვოს კანონების ზედმიწევნით განხორციელება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ აქციის მონაწილეების დემონიზებას არ დავუშვებთ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელისუფლებისგან დევნილი აქციის ნებისმიერი მონაწილე დავიცვათ , – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს, მას უკვე უფლება არ აქვს ხალხს კანონების ზედმიწევნით განხორციელება მოსთხოვოს.

“რაც შეეხება 7-8 მარტის მოვლენებზე გამოძიებასთან დაკავშირებით [არჩილ] თალაკვაძის განცხადებას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამოსაძიებელია ვისი მითითებით მოხდა რუსული კანონის საქართველოს პარლამენტში ინიცირება და შემდგომში, დაჩქარებული წესით განხილვა. ამ რუსული კანონის მიზანი ევროპული კურსის დივერსია და კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებების ჩაგდება იყო, რაც დაადასტურეს კიდევაც ევროპელმა პარტნიორებმა.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ არა ის, თუ რატომ აღშფოთდა ხალხი და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში ახალგაზრდები, არამედ ის, ვისი მითითებითა და წახალისებით ხორციელდებოდა შეთქმულება საქართველოსა და მისი ევროპული კურსის წინააღმდეგ.

როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან, მას უკვე უფლება არ აქვს ხალხს მოსთხოვოს კანონების ზედმიწევნით განხორციელება. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ძალადობას ვამართლებ, უბრალოდ ვაზუსტებ, რომ მოძალადე იყო ხელისუფლება, რომელმაც იძალადა საქართველოზე, კონსტიტუციაზე და ხალხზე.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დავუშვებთ აქციის მონაწილეების დემონიზებას და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ რათა დავიცვათ ხელისუფლებისგან დევნილი აქციის ნებისმიერი მონაწილე”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.