სალომე ზურაბიშვილი – ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას, ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება დღეს ქართველი ხალხის უალტერნატივო მიზანია.

ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ამ დღეებში და არაერთხელ გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულების მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო, თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენ წინაშე. ეს არის დიდი მიღწევა. დღეს კი კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ. ბატონო პრეზიდენტო, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირეთ მხარი და ამისთვის მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო, რამეთუ ლიეტუვა იმ ადგილას დგას, სადაც იდგა მთელი ამ პერიოდის დროს და ამ გზაზე გვიჭერს მხარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი აჩვენოს.

„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება. თითქმის 20 წელია, ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილის მოწმენი ვართ. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის განმავლობაში.

დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მის ახალ და ადვილ სამიზნედ გახდეს. 2024 საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა, წარმატებით შეხვდეთ ამ თარიღს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.