გია ვოლსკი – ევროსაბჭოს დელეგაციის მოხსენებაც გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოხსენება საკმაოდ საინტერესოა. გააჩნია, შეკითხვას ვინ სვამს და ათასგვარი ინტერპრეტაციებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოხსენებაც გამოყენებულია გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რაიმე საქმიან წინადადებებს, შენიშვნებს ოპონენტები ვერ ხედავენ.

„ლაპარაკია იმაზე, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს სათანადო მკურნალობა და თუ საჭიროა, საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას ექიმების ჯგუფი შეკრებილი. რასაკვირველია, მისაღებია, სწორია და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებულია, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების  მზადყოფნა არსებობს. არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ მთავარი თემაა, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იმუშაონ. ის თემა, რომ ამ მუშაობას წინაპირობა არ აქვს და ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გადაყვანილია დესტაბილიზაციის სცენარზე, თითქოს ამ მოხსენებაში არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხედავენ და ეს მოხსენებაც გამოყენებულია გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ამის იქით რაიმე საქმიან წინადადებებს, შენიშვნებს, მოსაზრებებს ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ და ვერც მათი მედიასაშუალებები ამ თემაზე ვერანაირად ვერ იქნენ ორიენტირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის თქმით, „სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან დანაშაულები აშკარაა და მკურნალობის საკითხი დადგა დღის წესრიგში“.

„სააკაშვილის გარემოცვის, თავისი ოჯახის მიმართ თუ არ იქნება დაყენებული შესაბამისად მკაცრი მოთხოვნა, თანაც მარტო უცხოელების მიერ კი არა, საზოგადოების მიერ, რასაკვირველია, ამ თემას პოზიტიური წინსვლა არ უწერია, ვინაიდან საოცარია, რომ მთელი საზოგადოება, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მოხარულია, როცა სააკაშვილი ცუდად არის და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი, პოზიტიურად უყურებს ნებისმიერ განვითარებას, თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდება ან უკეთესობის ნიშნები დაეტყობა მაშინ, როცა ის ასრულებს დანიშნულებას. ეს საოცარი სურათი შეაფასა შესაბამისად ევროსაბჭომ და შესაბამისი დასკვნაც გააკეთა, დაამთავრეთ ამ საკითხის პოლიტიზება, მიხედეთ საქმეს, რომ ამ კაცის ჯანმრთელობა გამოსწორდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი დეოლიგარქიზაციის თემასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „უკვე აშკარა გახდა, გარკვეული პირებს, რომელთა ფინანსურ რესურსებზეც არის დამყარებული ოპოზიციის აქტივობების დიდი ნაწილი, მათ შორის დესტაბილიზაციის მიმართულებით, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობას უქმნის“.

„ამასთან დაკავშირებით ახლა შემოიტანეს ახალი იდეა, წინადადება, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური საკითხი, პრინციპულად განსხვავებულია ჩვენი დამოკიდებულება სტაბილურობის და ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმართ, თორემ თავიდან დეოლიგარქიზაციის თემასთან დაკავშირებით ეს პოზიცია ჩვენი არ ყოფილა. რასაკვირველია, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, ანგარიშვალდებულება, მონიტორინგი, რომლისთვისაც არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები და სავსებით საკმარისია, რათა შინაარსობრივად ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, თუ საჭიროა, გარკვეული ზომებიც იქნას მიღებული, მაგრამ თუ ეს მოთხოვნა არსებობს 12 რეკომენდაციაში, კეთილი უნდა ვინებოთ, სიღრმისეულად გავანაალიზოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება და არა რომელიმე რადიკალურ, თუ დესტრუქციულ ძალას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.