მგონი, ელჩს შეეშალა თავის გამოსვლაში, როდესაც აღნიშნა, ღამით იყო ზარებიო, ამიტომ, ბუნებრივია, ამ მოსამართლეებს სანქციები უნდა დაუწესდეთო, მგონი, შეეშალა 2012 წლამდე არსებული სიტუაცია, მაშინ იყო ღამით ზარები, გადაფორმებები, ადამიანების დაბარებები და ა.შ. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კი ფეხქვეშ გათელა, რომელმაც ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები გაამართლა, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.
„გვახსოვს, ელჩიც ამბობდა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ასევე, სტრასბურგის გადაწყვეტილებები არსებობს ძალიან ბევრ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინდელი, 2012 წლამდე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა, რაზეც თქვა სტრასბურგმა, რომ იყო უხეში დარღვევა. რატომღაც ჩვენ არ გვახსოვს მაშინ არამცთუ სანქცია, არამედ ოდნავი გამაფრთხილებელი განცხადებაც კი საელჩოს მხრიდან მაშინდელი მოსამართლეების ან ხელისუფლების მისამართით. ამიტომ არავის არ სჯერა დღეს ობიექტურობის. „ხალხის ძალის“ პოლიტიკა არ შეიცვლება, აქ საუბარია, რომ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად აუცილებლად მიეწოდება. ეტაპობრივად საზოგადოება კიდევ უფრო მეტს გაიგებს, თუმცა ახლაც ნათელია ამ გადაწყვეტილებებით, რა სურს ამერიკას. ეს არის პირდაპირი მოწოდება, მეტი როგორ გითხრას ელჩმა, ფული გადავიხადე ამაში და რა გიკვირთ, რომ მოსამართლე დავიბარო და საქმეზე მოვთხოვო, რატომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებაო. მეტი როგორ უნდა თქვას ახლა შეერთებულმა შტატებმა და ელჩმა გულწრფელად, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, „მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს“.
„პირდაპირ ამბობენ, თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვამბობთ, იმიტომ, რომ მოსამართლეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ მოსწონს შეერთებულ შტატებს, ამიტომ ახლა მოსამართლეები დასანქცირდებიან. თურმე რეფორმები ყოფილა საჭირო. მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს. ადრე ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სუვერენულია და პატივს ვცემთ პარტნიორებიო, ახლა უკვე, პრაქტიკულად, სუვერენულობას აღარ ამბობენ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასაც აღარ ამბობენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატია, რასაც ჩვენ ვიტყვით, ის არის სიმართლე და როგორც ჩვენ შევხედავთ პროცესებს, ისე იქნება დემოკრატია. ძალიან ცუდია, რომ ასეთი უსამართლო მიდგომაა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.