ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.