ამერიკის სახელმწიფო მდივნის ელტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლე დასანქცირდა, თბილისიდან ამერიკის მისამართით ბრალდებების მიზეზი ხდება. მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო – წერია სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. მათ და მათი ოჯახის წევრებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ.
ლევან მუ-რუს-იძე ამერიკის გადაწყვეტილებას მისი სანქცრების შესახებ ბრალდებებით პასუხობს. იუსტიციის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მურუსიძემ თქვა, რომ მას აქვს მტკიცებულებები, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ის მხრიდან და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, ამ მტკიცებულებებს საზოგადოებას ანახებს. როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესება საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია.
„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, ამის მაგალითს მოგიყვანთ.
ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს მესიჯი მდგომარეობს შემდეგში – თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ.
ამის მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს”, – განაცხადა მურუსიძემ.
მისი თქმით, „ლაშა ჩხიკვაძის თემა არის უბრალოდ აისბერგის წვერი”, რადგან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მასაც წლების განმავლობაში ხვდებოდნენ.
„დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება”, – განაცხადა მურუსიძემ.
ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.
„მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.
კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს, მართლმსაჯულების მიტაცება ხდება. ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ. აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა იმისთვის, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს ექნება თუ არა სანქციები, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, აშშ-ს საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა. სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება. თუ დაინტერესდებით, ამ ქვეყნებსაც ნახავთ”,- აღნიშნავს მურუსიძე.
ყოფილი სახლემწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ლევან მურუსიძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს და ფიქრობს, რომ მას სხვა არგუმენტები თავის გასამართლებლად არა აქვს.
„სასაცილოა, როცა მურუსიძე ამბობს, რომ ამერიკელების მხრიდან მასზე და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლა იყო. ამერიკელებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა და უზენაესობა პრეზიდენტზე მაღლა დგას (თავის პრეზიდენტზე და არა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებზე – ნიუსფრონტი). ამიტომ პირიქით, ამერიკა მთელს მსოფლიოსგან მოითხოვს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს (დამოუკიდებელი თავისი მთავრობისგან, მაგრამ დამოკიდებული ამერიკაზე – ნიუსფრონტი). სასამართლო რაც უფრო დამოუკიდებელია, ბიზნესი, სიტყვის თავისუფლება და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები მით უფრო თავისუფლები არიან და მათი ხელშეუხებლობა სასამართლოს უზენაესობით არის გარანტირებული. სასამართლო სადაც დამოუკიდებელი არ არის, იქ ავტორიტარიზმია.
„ამიტომ სასამართლოს მიმართ ამერიკელების პრინციპულობა უნიკალურია, რაც არცერთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არ არის. თუ დიდ ბრიტანეთს არ ჩავთვლით. ამერიკაში სასამართლო ფაქტიურად სახელმწიფო სახელმწიფოშია, რომლის უზენაესობაში ეჭვი არავის ეპარება. მურუსიძისნაირი ადამიანი, რომელიც გვთავაზობს, რომ მისი პაპის საქართველოში ვიცხოვროთ, რომელიც არც კი უფიქრდება რა სისულელეს ამბობს, მისგან რას უნდა ველოდოთ. აბა ამ თაობას ჰკითხოს, მისი პაპის დროინდელ საქართველოს იცნობენ, ან საერთოდ სურვილია აქვთ ისევ წარსულში იცოხვრონ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მომავლისკენ იყურება. ის კიდევ წარსულში გვაბრუნებს. თავად იქ უნდა ცხოვრება და თურმე ჩვენც ისევ იქ უნდა ვიცხოვროთ“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამერიკელების პრაქტიკა სასამართლოსთან დაკავშირებით უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მურუსიძის განცხადებები, რომ ამერიკელებს სასამართლოს მიტაცება სურთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამერიკელების ხედვა სასამართლოსთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, ამიტომ დასავლეთსაც და ამერიკასაც ენანება საქართველოს მიტოვება. ამ ქვეყანაში ბევრი რესურსი აქვთ ჩადებული და საქართველოს დაკარგვით მთელს რეგიონს დაკარგავენ. ეს არის ამერიკელების მიზანი და არა საქართველოს სასამრთლოზე კონტროლის დამყარება.
„ჩვენ გვჭირდება 2024 წლისთვის დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიაში ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არჩევნები. ახლა არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და უკრაინის ომში ბევრი რამ უკვე გარკვეული იქნება. ამერიკაში და რუსეთში ჩვენამდე არჩევნებია. გამოჩნდება პუტინი წავა თუ დარჩება. ეს ძალიან უნიკალური წელია, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე, მთლიანად საქართველოსთვის. ბუნებრივია ამერიკელები ასე გულხელდაკრეფილები არ დაელოდებიან საქართველოს როგორ დაკარგავენ. აქ ძალიან დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ. ამიტომ საქართველოს დაკარგვა ენანებათ. ჩვენი დაკარგვით მთელს კავკასიას დაკარგავენ. ეს მათ ძალიან კარგად ესმით.
„ამიტომ ახლა თვალს ვადევნებთ ამერიკის ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. ნამდვილად აქ დასამალი არაფერია. მათ სურთ, რომ საქართველოში რუსულმა ზამთარმა არ დაისადგუროს. რუსეთში დიდი ალბათობით პრობლემები დაიწყება, ამიტომ მათ არ უნდათ ამ ნანგრევებში საქართველო მოჰყვეს. თუ დღეს ვინმე საქართველოზე ფიქრობს, ეს ამერიკაა“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ეს სია და მოხვდებიან თუ არა მასში პოლიტიკური ფიგურები, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სანქციები „ოცნების“ დეპუტატებს და თავად პარტიის ხელმძღვანელობასაც შეეხოს.
„არ არის გამორიცხული ამერიკამ ირაკლი კობახიძის და სხვა „ოცნების“ დეპუტატების დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილზეც იყოს საუბარი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ძნელია ივანიშვილს რამე პირდაპირი მტკიცებულება დაუდო. ივანიშვილმა მათ საერთაშორისო სასამართლოში რომ უჩივლოს, შესაძლოა მოუგოთ. მიუხედავად ამისა, ალბათ ეძებენ რაღაცა მიზეზებს. შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ არ გაშვებაზე ივანიშვილის კავშირსაც ეძებენ, მაგრამ რთულია დამტკიცება. ამ ფოზე უფრო პარლამენტის წევრებზე და პარტიის ხელმძღვანელობაზე შესაძლოა იფიქრონ“, – ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
ელზა პაპოშვილი,
“რეზონანსი”