ჩვენ არ ვაპირებთ, უყურადღებოდ დავტოვოთ უკიდურესი შეშფოთება, რაც დღეს ვაშინგტონმა გამოხატა, როდესაც კონკრეტული მოქალაქეები დაასანქცირა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ რაც დღეს მოხდა, ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტია. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიცია დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და ყველაზე უფრო გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების გვერდით დგომა, მხარდაჭერა.
„ქართული ოცნება“, მათი კორუმპირებული სასამართლო კლანი, საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან აშშ-სთან ხელისუფლების ურთიერთობები ასეთ მინიმალურ ნიშნულზე ისტორიულად არ ყოფილა.
პირველად ხდება, რომ ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს. ჩვენ, როგორც ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი პარლამენტში, ჩვენს წარმომადგენლობით მანდატებს გამოვიყენებთ, რათა დავიცვათ თითოეული თქვენგანის, საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები.
პირველ რიგში, ჩვენთვის ეს არის გზავნილი აშშ-სთვის, რომ მათ ჰყავთ მტკიცე მოკავშირე ჩვენს ქვეყანაში ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ოპოზიციის სახით. ჩვენ არ ვაპირებთ, უყურადღებოდ დავტოვოთ ის უკიდურესი შეშფოთება, რაც დღეს ვაშინგტონმა გამოხატა, როდესაც დაასანქცირა კონკრეტული მოქალაქეები. ამიტომ კომისიის შექმნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც კი შესაძლოა, განხორციელებულიყო ამ მოწვევის პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.