საფრანგეთის მოსახლეობის საპროტესტო აქციას დღეს სკოლის მასწავლებლები შეუერთდებიან

საფრანგეთის მოსახლეობის საპროტესტო აქციას დღეს სკოლის მასწავლებლები შეუერთდებიან.

სხვადასხვა სექტორის მუშაკებმა მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროფკავშირებმა საპენსიო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერთან ელისაბედ ბორნთან ერთსაათიან მოლაპარაკებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პროფკავშირების განცხადებით, კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი კანონის გაუქმებაა, რაზეც პრემიერ-მინისტრისგან კატეგორიული უარი მიიღეს. ახლა პროფკავშირები მოსახლეობას მოუწოდებენ, შეურთდნენ მუშაკების მიერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობებს.

პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ აქციების გამო ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდება. შეგახსენებთ, საფრანგეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტმა სადაო კანონი კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ახალი კანონის თანახმად, საპენსიო ასაკის მინიმალური ზღვარი 62 წლის ნაცვლად 64 წლიდან განისაზღვრება.