ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო, პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს“, – აღნიშნა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: „მოსალოდნელი სანქციების გამო, რაზეც ისმის განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში, ხომ არ გეგმავთ თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან“, კალაძემ განაცხადა:
„თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე. სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.