ლევან მურუსიძე სანქციებზე: მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩო მიჰყვება გეგმას – ეს არის სასამართლო სისტემის მიტაცება

გაბრალებენ კორუფციას, თან არ გეუბნებიან. გეუბნებიან, რომ ღია წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაციაო. ვარ მოქმედი მოსამართლე და ვკითხულობ, იქნებ ის ღია წყარო მაინც გამიმხილონ, რომ პასუხი გავცე ბრალდებებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, აქ კორუფციის თემა კი არ არის მთავარი, აქ ნაფიქრი იყო, რომ კორუფციის დაბრალებით ჩვენ ხმას არ ამოვიღებდით და შესაბამისად, ასრულდებოდა ის გეგმა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩო მიჰყვება – ეს არის სასამართლო სისტემის მიტაცება. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საუბრობს ღია და დახურულ წყაროებზე, მე შემიძლია გითხრათ, როგორი ზეწოლა ხდებოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო თუ საელჩოს წარმომადგენელი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ სტუმრობდა, ამბობდა, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეაჩეროთო, არ უნდა გადანიშნოთ მოსამართლეები უვადოდ – ეს იყო ღია წყარო. რაც შეეხება დახურულ წყაროებს, ამის მტკიცებულებებიც არსებობს: იყო შეხვედრები, სადაც იყო საუბარი, უნდა ჩაგვეტარებინა თუ არა კონფერენცია, ვინ უნდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მათი სურვილი იყო, კონკრეტული პირები გასულიყვნენ წევრებად“ , – განაცხადა მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.