რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით:

◾ 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

◾ 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

◾ ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

◾ მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სპეციალისტებმა შესაბამისი რეკომენდაცია არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე გასცა.

„კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.