16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაწესდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.