მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას, ჩვენთან მიმართებაში კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდია, ეს უნდა გასაჩივრდეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რეალურად რაც ხდება ჩვენთან მიმართებაში, ზოგადად სასამართლო სისტემაში. ეს არის პირდაპირი თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე, საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვის არის მისაღები, ბუნებრივია, მათი მხრიდან იქნება განხორციელებული ამგვარი ზეწოლა.
ამის აშკარა და მკვეთრი მაგალითი არის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა. როდესაც მთლიანად საელჩოს წარმომადგენლები და ზოგადად მათ დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო სექტორი, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელთაც, მიმაჩნია, რომ საერთოდ არ აქვთ დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი, იყურებიან საელჩოსკენ. მათ განაცხადეს მოცემულ საქმეზე, ისე რომ დაწერილი არ იყო და წაკითხულიც არ ჰქონდათ, რომ ეს კანონი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილება ჯერ არ იყო დაწერილი და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანონი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ეს ერთი პრობლემაა. შემდეგ, ამას მოჰყვა ის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში, შემდგომ უარი უთხრეს აშშ-ში წაყვანაზე. რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, მითხარით. გვარამიას საქმეზე პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატი გამოდიოდა, იურისტი იყო სხვათა შორის და ამბობდა, რომ რაშიც ნიკა გვარამიას დასდეს მსჯავრი, რომ მივყვეთ, ყველა დეპუტატები არიან პასუხისგებაში მისაცემიო. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იმ თემაზე, რაზეც იყო მოცემული საქმე. რომ ვუსმენდი პროკურორს, რომელიც გამოდიოდა ტელევიზიით, აბსოლუტურად სხვა ბრალდებაზე არის საუბარი და სხვა ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრობენ შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ”,- განაცხადა მურუსიძემ.